Saturday, April 16, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პორტფოლიოს პრეზენტაციები იყო ყველაზე საინტერესო და მარავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, რადგან ეს პროცესი ყოველ კონკრეტულ მონაწილესაც გამოუმუშავებს ეფექტური პრეზენტაციის უნარებს და ამასთან ერთად კოლეგების ნაშრომების მოსმენა-დათვალიერება გვაძლევს გამოცდილების გაზიარებისა და გამდიდრების შესაძლებლობას. განსაკუთრებით საინტერესო ხდება უკუკავშირი. პრეზენტაციის პროცესში ნათლად წარმოჩნდება პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც სამომავლოდ დამეხმარება დახვეწილი პროექტების მოფიქრებასა და რეალიზაციაში.
საბოლოოდ კი ვიტყვი, რომ ინტელის მესამე დონის ტრენინგის დასრულება ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან ამ მოდულმა ძალიან ბევრი შემძინა და ვფიქრობ, ეს არ იქნება "დაძინებული" ცოდნა, არამედ რეალურად გაცოცხლდება ჩემს პრაქტიკაში. უღრმესი მადლობა მასწავლებლის სახლს, ინტელს, არაჩვეულებრივ ტრენერს, ნინო მარღიშვილს და კოლეგებს ესოდენ საინტერესოდ გატარებული საათებისთვის და მიღებული ცოდნისთვის.

Sunday, April 10, 2016

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე პროექტის მონაწილეთა დიფერენცირებული სწავლების დამხმარე მასალის შექმნას და პორტფოლიოს ბლოგზე განთავსებას მოვანდომეთ. ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელოს რესურსებში იყო უამრავი ნიმუში სკაფოლდინგის მრავალფეროვანი მასალებისა, მაგრამ შევეცადე, რომ თავად შემექმნა ორიგინალური ნიმუში და მოვამზადე ვორდის ფაილი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ყოველთვის დამეხმარება და საინტერესო სქემაა ლიტერატურული ტექსტების კვლევისას. პორტფოლიოს ბლოგზე განთავსებით კოლეგები შევძლებთ გამოცდილების გაზიარებას და უკუკავშირს. ჩემთვისაც ყველგან ხელმისაწვდომი იქნება ჩემი ფოლდერები, შევძლებ მათ რედაქტირებას და კორექტირებას. ბლოგი, რომელიც ინტელის მესამე დონის ტრენინგზე შევქმენი, ჩემი მუდმივმოქმედი რესურსი იქნება და პროექტებით სწავლების მთელ პროცესს მასზე ყოველ სასწავლო წელს განვათავსებ.
მაკას პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 9, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს სწავლების დიფერენცირება სასარგებლო და საინტერესო აქტივობაა, რათა მასწავლებელმა გაიაზროს, რომ სხვადასხვა დონის მოსწავლეთა ჩართვას და პროექტში თვითრეალიზაციას ინდივიდუალურად, მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით უნდა მიუდგეს, რომ ყველამ შეძლოს პროექტის მოთხოვნების ადეკვატურად შესრულება. ასევე კარგი გამოცდილება მომცა პროექტის გეგმაზე სკრუპულოზურმა მუშაობამ და მის სრულყოფაზე ფიქრმა. იმედი მაქვს, რომ ეს აქტივობები პროექტებით სწავლების ოპტიმალური ფორმების მიგნებასა და განხორციელებაში დამეხმარება. მადლობა ინტელს და არაჩვეულებრივ ტრენერს - ნინო მარღიშვილს.

Sunday, April 3, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

ეს დღე საინტერესო და საქმიანი იყო. პროექტით სწავლების პროცესში მოსწავლის მიერ შექმნილ ნიმუშსა და მის შეფასებაზე მუშაობა მასწავლებელს ეხმარება გაიაზროს მოსწავლის საქმიანობის ასპექტები და მოიფიქროს ობიექტური შეფასების სქემები. შეფასების რუბრიკის უამრავი ვარიაციის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ინტელის სახელმძღვანელოს რუბრიკების ნიმუშები დახვეწილი და ზუსტია.

Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

ინტელის ტრენინგი სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი და საინტერესო ხდება. ბლოგის დიზაინზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. ასევე საინტერესო იყო პროექტის პროდუქტის მოსწავლისეული ნიმუშის შექმნა. მე ავირჩიე power point-ის პროგრამით შექმნილი პროდუქტი, მაგრამ ინტელის სახელმძღვანელომ მასწავლა, რომ გარდა ამისა არსებობს მულტიმედია რესურსების უამრავი ვარიაცია და შემიძლია მოსწავლეებს მრავალფეროვანი ვარიანტები შევთავაზო. ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო გაზეთის შაბლონი, რომლის გამოყენებითაც შემიძლია საკლასო მუშაობის პროცესში ბავშვებთან ერთად შევქმნა ძალიან საინტერესო გაზეთები. მოკლედ რომ ვთქვა, ინტელის სახელმძღვანელოც და ეს ტრენინგიც უნივერსალური და ძალიან სასარგებლოა მასწავლებლისთვის.

Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. პროექტით სწავლების დროს სამუშაოს დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების შეფასებების ობიექტური და მრავალფეროვანი მეთოდებისა და ინსტრუმენტების ორგანიზებულად შექმნა დამეხმარება პროექტის მონაწილეთა მოტივირებაში. საავტორო უფლებების საკითხები, ვიდეოპორტალ იუთუბის მასალების ბლოგზე განთავსების შესწავლა მომცემს შესაძლებლობას, რომ გავამრავალფეროვნო ჩემი ბლოგი და დავაინტერესო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკითა და რესურსებით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან ჩემს კოლეგებს, მოსწავლეებსა და სოციალური ქსელის მეგობრებს შორის. ამაში დამეხმარება ბლოგის ორიგინალური დიზაინით გაფორმებაც, რასაც ასევე დრევანდელი ტრენინგ-მოდულის თემატიკა ითვალისწინებდა.